ესპანეთში ცხოვრება ბევრი ემიგრანტისთვის ახალი შესაძლებლობების, მზის, კულტურისა და სიმშვიდის საწყისია. თუმცა, ქვეყანაში ინტეგრაციის პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი სტაბილური სამართლებრივი სტატუსის მოპოვებაა. 2025 წლის 20 მაისს ამოქმედებულმა ახალმა საიმიგრაციო დებულებამ (Real Decreto 1155/2024) არსებითი ცვლილებები შეიტანა უცხოელთა ლეგალიზაციის მექანიზმებში.

ამ რეფორმის ფარგლებში ერთ-ერთ ცენტრალურ ინსტრუმენტად კვლავ რჩება Arraigo Social (სოციალური არაიგო) — დროებითი რეზიდენციისა და მუშაობის უფლება გამონაკლის გარემოებათა გამო, რომელიც ესპანეთში უკვე მცხოვრებ პირებს აძლევს საშუალებას, თავიანთი სტატუსი სრულად დააკანონონ..

რა არის Arraigo Social და ვინ შეიძლება ისარგებლოს?

Arraigo Social განკუთვნილია იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში უწყვეტად იმყოფებიან ესპანეთის ტერიტორიაზე, შეძლეს ადგილობრივ საზოგადოებასთან ინტეგრაცია და გააჩნიათ სოციალურ-ეკონომიკური კავშირები.

ახალი რეგულაციით, ამ ტიპის რეზიდენციაზე განაცხადის შეტანა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს კანონით დადგენილ სავალდებულო კრიტერიუმებს და შეუძლიათ ესპანეთში თავისი არსებობისა და საქმიანობის დადასტურება.

Arraigo Social-ის ძირითადი მოთხოვნები

იმისათვის, რომ წარმატებით მოითხოვოთ სოციალური არაიგო, აუცილებელია შემდეგი პირობების დაკმაყოფილება:

  • ესპანეთში უწყვეტი ცხოვრება —  განმცხადებელი ესპანეთის ტერიტორიაზე უწყვეტად უნდა იმყოფებოდეს მინიმუმ 2 წლის განმავლობაში (ახალი დებულებით, არაიგოს უმეტეს სახეობაზე ვადა 3 წლიდან 2 წლამდე შემცირდა). უწყვეტობა დასტურდება მუნიციპალური რეგისტრაციით Empadronamiento  ან სხვა ოფიციალური დოკუმენტებით. ამ პერიოდში ესპანეთის დატოვება დასაშვებია ჯამში არაუმეტეს 90 დღისა.

  • ნასამართლობის არქონა —  კანდიდატს არ უნდა ჰქონდეს ნასამართლობა როგორც ესპანეთში, ისე თავის წარმოშობის ქვეყანაში ან იმ სახელმწიფოებში, სადაც ცხოვრობდა ბოლო 5 წლის განმავლობაში.

  • ევროკავშირის ზონაში შესვლის აკრძალვის არქონა —  პირს არ უნდა ეზღუდებოდეს შესვლა ესპანეთში ან იმ ქვეყნებში, რომლებთანაც ესპანეთს ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.

  • ინტეგრაციის ანგარიში ან ოჯახური კავშირი —  განმცხადებელმა უნდა წარადგინოს ადგილობრივი ავტონომიური გაერთიანების მიერ გაცემული სოციალური ინტეგრაციის დასკვნა Informe de Inserción Social. იმ შემთხვევაში, თუ პირს ჰყავს პირდაპირი ნათესავები (მეუღლე, რეგისტრირებული პარტნიორი, მშობლები ან შვილები), რომლებიც უკვე ფლობენ ესპანეთის რეზიდენციას ან მოქალაქეობას, ინტეგრაციის ანგარიშის წარდგენა სავალდებულო აღარ არის.

ფინანსური უზრუნველყოფა ან შრომითი ხელშეკრულება

აუცილებელია იმის დადასტურება, რომ განმცხადებელს ექნება საარსებო წყარო. ეს შეიძლება იყოს:

  1. შრომითი ხელშეკრულება (Contrato de trabajo), სადაც ანაზღაურება აკმაყოფილებს მინიმალურ ინტერპროფესიულ ხელფასს (Sueldo Mínimo Interprofesional - SMI).

  2. საკუთარი ბიზნესის წამოწყების გეგმა (დამოუკიდებელი საქმიანობა / Cuenta propia).

  3. ოჯახის წევრის საკმარისი ფინანსური რესურსი, რომელიც უზრუნველყოფს განმცხადებლის რჩენას.

საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი

განაცხადის შეტანისას უცხოელთა ოფისში (Oficina de Extranjería) წარსადგენია შემდეგი ძირითადი პაკეტი:

  • ოფიციალური განაცხადის ფორმა (EX-10): შევსებული და ხელმოწერილი.

  • მოქმედი პასპორტი: ორიგინალი და ყველა გვერდის ასლი (პასპორტის მოქმედების ვადა უნდა იყოს მინიმუმ 4 თვე).

  • უწყვეტი ბინადრობის დამადასტურებელი საბუთები: ისტორიული რეგისტრაციის ცნობა Empadronamiento histórico, სამედიცინო ჩანაწერები, საბანკო ამონაწერები ან ნებისმიერი ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ესპანეთში 2-წლიან ყოფნას.

  • ცნობა ნასამართლობის შესახებ: აპოსტილით/ლეგალიზაციით დამოწმებული და ესპანურ ენაზე ნათარგმნი ოფიციალური თარჯიმნის (Traductor Jurado) მიერ.

  • ინტეგრაციის დასკვნა Informe de Inserción Social : გაცემული შესაბამისი მუნიციპალიტეტის ან ავტონომიის სოციალური სამსახურის მიერ.

  • შრომითი ხელშეკრულება ან ფინანსური გარანტიები: დამსაქმებლის მონაცემებთან და კომპანიის გადახდისუნარიანობის დამადასტურებელ საბუთებთან ერთად.

  • სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი: შესაბამისი ფორმულარი (Tasa 790, código 052).

განხილვის ვადები და რეზიდენციის ხანგრძლივობა

ახალი საიმიგრაციო რეგულაციის მიხედვით, Arraigo Social-ის საფუძველზე გაცემული პირველადი რეზიდენცია მოიცავს მუშაობის უფლებას (როგორც დაქირავებით, ისე დამოუკიდებლად) და გაიცემა 1 წლის ვადით.

ადმინისტრაციული განხილვის ოფიციალური ვადა შეადგენს 3 თვეს განაცხადის დარეგისტრირების დღიდან. ამ ვადის გასვლის შემდეგ, დადებითი პასუხის მიღებისთანავე, განმცხადებელი იღებს თითის ანაბეჭდების ჩაბარების რიგს Toma de huellas უცხოელის საიდენტიფიკაციო ბარათის - TIE - Tarjeta de Identidad de Extranjero დასამზადებლად.

სასარგებლო რჩევები განმცხადებლებისთვის

  • შეინახეთ ყველა ოფიციალური საბუთი: ესპანეთში ჩამოსვლის პირველივე დღიდან შეაგროვეთ ნებისმიერი დოკუმენტი (ექიმთან ვიზიტი, საბანკო გადარიცხვები, ენის კურსების სერტიფიკატები), რადგან ისინი გამოგადგებათ უწყვეტობის დასამტკიცებლად.

  • თვალი ადევნეთ ნასამართლობის ცნობის ვადას: წარმოშობის ქვეყნიდან აღებული ნასამართლობის ცნობას აქვს შეზღუდული მოქმედების ვადა (ჩვეულებრივ 3-დან 6 თვემდე, დოკუმენტის ტექსტიდან გამომდინარე). დაგეგმეთ მისი აღება ისე, რომ განაცხადის შეტანის მომენტში იყოს ძალაში.

  • მოემზადეთ ინტეგრაციის გასაუბრებისთვის: სოციალური ინტეგრაციის ანგარიშის მომზადებისას შესაძლოა მოგიწიოთ გასაუბრება სოციალურ მუშაკთან. ესპანური ენის საბაზისო ცოდნა და ადგილობრივი ავტონომიური გაერთიანების კულტურის/ენის პატივისცემა მნიშვნელოვნად ზრდის დადებითი დასკვნის მიღების შანსს.

  • გამოიყენეთ ციფრული სერტიფიკატი: განაცხადის ელექტრონულად წარდგენა ციფრული სერტიფიკატის (Certificado Digital) მეშვეობით მნიშვნელოვნად ამცირებს ლოდინის დროს და გამორიცხავს უცხოელთა ოფისში ფიზიკური რიგების პრობლემას.

Arraigo Social წარმოადგენს რეალურ და საიმედო შესაძლებლობას, გახდეთ ესპანეთის საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი. სწორად მომზადებული დოკუმენტაცია და მოქმედი საკანონმდებლო ნორმების ცოდნა თქვენი წარმატებული ლეგალიზაციის მთავარი გარანტია.

სტატია მომზადებულია ესპანეთის სამეფოს ოფიციალურ საკანონმდებლო წყაროებსა და სახელმწიფო ბიულეტენის (BOE) ვერიფიცირებულ მონაცემებზე დაყრდნობით. 

— აღმოაჩინე შენი ესპანეთი.