კანარის კუნძულებზე, კერძოდ კი ტენერიფეზე მოგზაურობისას, ერთ მისტიურ და გამორჩეულ ადგილს მიაგნებ, რომლის ნახვაც აუცილებლად ღირს. ეს „ლოს გიგანტესია“ — Los Gigantes — კუთხე, სადაც მიწა და ოკეანე დრამატული და მისტიკური სილამაზით ხვდებიან ერთმანეთს. ატლანტის ოკეანის წყლებიდან თითქმის 600 მეტრის სიმაღლეზე აზიდული ვულკანური წარმოშობის კლდეები მნახველს თავისი მასშტაბითა და სიმძლავრით პირველივე წამიდან აოცებს. ძველი გუანჩები მათ „ჯოჯოხეთის კედლებს“ უწოდებდნენ და სჯეროდათ, რომ სამყაროს დასასრული სწორედ აქ იწყებოდა. დღეს კი ეს ბუნების გიგანტური მონუმენტი, ის ადგილია, სადაც დაუვიწყარი თავგადასავლები და სრული სიმშვიდე იდეალურად ერწყმის ერთმანეთს.

Photo Credit Nuki Chikhladze

ხედი, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ

ლოს გიგანტესის სიდიადის სრულად შესაგრძნად, უბრალოდ კლდეების ძირში დგომა საკმარისი არ არის. საუკეთესო ხედები იშლება პატარა ნავებიდან, რომლებიც პორტიდან რეგულარულად გადიან ოკეანეში. როდესაც ნავით ამ გიგანტური კლდეების სიახლოვეს მიცურავ, რაღაცნაირად ძალიან ბუნებრივად აცნობიერებ მთავარს, რომ შენ ამ სილამაზის უცხო მაყურებელი კი არა, მისივე ნაწილი ხარ.  თუ გსურს, რომ ეს გამოცდილება კიდევ უფრო განსაკუთრებული გახადო, დაგეგმე გასვლა შუადღისას, როდესაც მზე კლდეებს განსაკუთრებულ, მოწითალო-ოქროსფერ ელფერს აძლევს. ბევრი მოგზაური ირჩევს იახტით გასეირნებას, რათა შორიდან დააკვირდეს დელფინებსა და ვეშაპებს, რომლებიც ხშირად ჩნდებიან ამ წყლებში – ეს მოვლენა ლოს გიგანტესის მონახულების განუყოფელი ნაწილია.

Photo Credit Nuki Chikhladze

ატმოსფერო და დასვენება

თავად დაბა ლოს გიგანტესი არ არის ტიპური ხმაურიანი კურორტი. ეს არის ადგილი მათთვის, ვინც აფასებს სიმშვიდეს, ზღვის ჰაერს და ესპანურ სტუმართმოყვარეობას. აქაური სანაპირო, „პლაია დე ლოს გიგანტესი“, გამოირჩევა შავი ვულკანური ქვიშით, რაც კანარის კუნძულების ერთ-ერთი დამახასიათებელი შტრიხია.

ოკეანის მარილიანი ნიავი, ტერასების ცოცხალი ხმაური და ნაპირთან მიყუჟული რესტორნები — აქვეა ყველაფერი, რომ დღე განსაკუთრებულად და გემრიელად დაასრულო. საღამოობით, ზღვის პირას მჯდომმა, შეგიძლია ისიამოვნო ახლად დაჭერილი, ზეითუნის ზეთითა და ლიმონით შეზავებული ნაზი თევზითა და კანარის კუნძულების მთავარი სავიზიტო ბარათით — მარილიან ქერქში გამომცხვარი კარტოფილით (papas arrugadas), რომელიც ცეცხლოვან, არომატულ სოუსთან, mojo picón-თან ერთად ნამდვილ კულინარიულ ზეიმს ქმნის.  ეს სწორედ ის ესპანური რიტუალია, რომელიც ამ ადგილის მონახულებას სრულყოფილს ქმნის.

Photo Credit Nuki Chikhladze

რჩევები მოგზაურთათვის

ლოს გიგანტესი საუკეთესოდ შეეფერება მათ, ვინც ეძებს დასვენებას ქალაქის აურზაურისგან მოშორებით. აქედან მარტივად შეგიძლიათ მიხვიდეთ მასკას ხეობამდე (Masca), რომელიც ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საფეხმავლო მარშრუტია.

  • როგორ მივიდეთ? საუკეთესო ვარიანტია მანქანის დაქირავება, რაც საშუალებას მოგცემთ დამოუკიდებლად დაათვალიეროთ კუნძულის დასავლეთი ნაწილი.

  • საუკეთესო დრო – კლიმატი ტენერიფეზე მთელი წლის განმავლობაში სასიამოვნოა, თუმცა გაზაფხული და შემოდგომა ყველაზე ოპტიმალურია როგორც ხეტიალისთვის, ისე საზღვაო გასეირნებისთვის.

ლოს გიგანტესი არ არის უბრალოდ კიდევ ერთი ეგზოტიკური ლოკაცია ლამაზი ფოტოებისთვის — ეს სივრცეა, სადაც ბუნების სიდიადეს ეხები. მიეცი შენს თავს უფლება, უბრალოდ გაჩერდე და იგრძნო, როგორ გავსებს ტალღების რიტმი და კლდეების მარადიული სიმშვიდე.

— აღმოაჩინე შენი ესპანეთი.

Photo Credit Nuki Chikhladze