ახალ ქვეყანაში ცხოვრების დაწყება ყოველთვის დიდ გამბედაობას მოითხოვს, თუმცა ყველაზე დიდი სტრესი ხშირად არა ახალ გარემოსთან შეგუება, არამედ ბიუროკრატიული ლაბირინთები და მოლოდინის რეჟიმია. ესპანეთი, რომელიც ტრადიციულად გამოირჩევა მიგრანტების მიმართ ლოიალური და ინტეგრაციაზე ორიენტირებული პოლიტიკით, ახლა საკანონმდებლო ტრანსფორმაციის ზღურბლზეა.

2026 წლის 25 აგვისტოს ესპანეთის მთავრობამ, პირველი წაკითხვით, დაამტკიცა ორი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი (ანტეპროექტო): სრულიად ახალი Ley de Asilo (თავშესაფრის კანონი) და Ley de Extranjería-ს (უცხოელთა კანონი, LO 4/2000) ნაწილობრივი რეფორმა.

მიზანი ნათელია — ესპანური კანონმდებლობა სინქრონში უნდა მოვიდეს Pacto Europeo sobre Migración y Asilo (PEMA)-სთან, ევროკავშირის მიგრაციისა და თავშესაფრის ახალ პაქტთან, რომელიც 2026 წლის 12 ივნისიდან უკვე ძალაშია (იხ. ვრცლად).

რას ცვლის ეს ახალი ინიციატივები პრაქტიკაში და რა უნდა იცოდეთ, თუ ეს თემა უშუალოდ გეხებათ?

რატომ გახდა აუცილებელი კანონის შეცვლა?

მიმდინარე მოვლენები ყოველთვის კარნახობს წესებს კანონმდებლებს. სეუტას (Ceuta) მიგრაციულმა კრიზისმა, როდესაც 2026 წლის ივლისის ბოლოს ქალაქში ათასობით ადამიანმა სცადა შესვლა, სისტემის გადატვირთვა კიდევ ერთხელ თვალსაჩინო გახადა.

ძველი, 2009 წლის თავშესაფრის კანონი უბრალოდ ვეღარ უმკლავდება თანამედროვე რეალობას. ციფრები თავისთავად მეტყველებს: თუ 2009 წელს ესპანეთმა თავშესაფრის მხოლოდ 3 000-მდე მოთხოვნა მიიღო, 2024 წელს ამ რიცხვმა 167 000-ს მიაღწია, ხოლო 2025 წელს — 144 000-ს შეადგენდა. სისტემა, რომელიც ორი ათწლეულის წინანდელი გამოწვევებისთვის იყო შექმნილი, რადიკალურ განახლებას ითხოვდა.

თავშესაფრის ახალი კანონი – რა იცვლება პრაქტიკაში?

ახალი კანონპროექტის მთავარი ფოკუსი პროცესების აჩქარება და კრიტერიუმების დაზუსტებაა. ძირითადი ცვლილებები რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას მოიცავს:

  • დაჩქარებული პროცედურა სუსტად დასაბუთებული საქმეებისთვის – განაცხადის განხილვის ვადა მკვეთრად მცირდება და მაქსიმუმ 3 თვეს, ზოგ შემთხვევაში კი 1 თვეს შეადგენს. ეს წესი განსაკუთრებით შეეხებათ იმ აპლიკანტებს, რომლებიც მოდიან ქვეყნებიდან, სადაც ევროკავშირში თავშესაფრის მიღების მაჩვენებელი 20%-ზე დაბალია, ან წარმოადგენენ უსაფრთხოების რისკს.

  • სასაზღვრო პროცედურის ახალი მოდელი – საზღვარზე გაკეთებული განაცხადი მაქსიმუმ 12-დან 16 კვირამდე ვადაში განიხილება. ამ პერიოდში განმცხადებელი რჩება პოლიციის ობიექტებში ან ხელისუფლების განკარგულებაში. ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი კი ის არის, რომ უარის მიღების შემთხვევაში, ავტომატურად და დაუყოვნებლივ გაიცემა დაბრუნების ან გადასახლების გადაწყვეტილება.

  • გაძლიერებული გარანტიები და ახალი საფუძვლები – სტატუსის მაძიებელთათვის ჩნდება დაცვის ახალი, თანამედროვე ლეგიტიმური საფუძვლები. თავშესაფრის მოთხოვნა უკვე შესაძლებელი იქნება გენდერის, გენდერული იდენტობის/ექსპრესიისა და ინვალიდობის გამო დევნის საფუძველზე. ამასთან, იზრდება დაცვის გარანტიები მოწყვლადი ჯგუფებისთვის (არასრულწლოვნები, LGTBI+ პირები, გენდერული ძალადობის მსხვერპლები).

  • არასრულწლოვანთა ასაკის პრეზუმფცია და გასაჩივრება – მართალია, ბავშვთა ასაკის პრეზუმფცია პრაქტიკაში დღესაც მუშაობს, მაგრამ ახალ კანონში ეს უმნიშვნელოვანესი უფლება ბევრად უფრო მყარად და მკაფიოდ გაიწერება. ამას გარდა, მცირდება ადმინისტრაციული გასაჩივრების ბიუროკრატიული საფეხურები, რაც განმცხადებელს უფრო პირდაპირ და სწრაფ სასამართლო გზას სთავაზობს.

უცხოელთა კანონის ნაწილობრივი რეფორმა

პარალელურად იცვლება უცხოელთა შესახებ ძირითადი კანონიც, რომელიც მიზნად ისახავს საზღვრის კვეთისას პირველადი რეაგირების გამართვას.

  • სასაზღვრო ტრიაჟი (Triaje) –  არალეგალური გზით შემოსვლისას, საზღვარზევე სავალდებულო ხდება კომპლექსური შეფასება, რომელიც მოიცავს სამედიცინო შემოწმებას, დაუცველობის ხარისხის დადგენას, იდენტიფიკაციასა და ბიომეტრიული მონაცემების (თითის ანაბეჭდები, სახის სურათი) აღებას. ევროკავშირის რეგულაციით ამ პროცესს შეიძლება 7 დღე დასჭირდეს, თუმცა ესპანეთში საბაზისო სტანდარტად 72 საათი განისაზღვრება (სასამართლოს გადაწყვეტილებით კი — 7 დღემდე).

  • უფრო სწრაფი რეაგირება და გადანაწილება –  მარტივდება და ჩქარდება არალეგალურად მყოფი პირების გადასახლების პროცედურები. პარალელურად, კანონპროექტი ითვალისწინებს მიგრანტების შიდა გადანაწილებას ესპანეთის სხვადასხვა ავტონომიურ თემში მათი შესაძლებლობების მიხედვით და უშვებს იძულებითი ინტერნირების შესაძლებლობას უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად.

ადამიანის უფლებები თუ ევროპული სიმკაცრე?

შინაგან საქმეთა მინისტრის, ფერნანდო გრანდე-მარლასკას განცხადებით, ეს არის "გარანტირებული" მიდგომა, რომელიც ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტების დაცვით პასუხობს არსებულ გამოწვევებს და ის იმედოვნებს, რომ პროექტი პარლამენტში სწრაფად დამტკიცდება.

თუმცა, არაერთი უფლებადამცველი ორგანიზაცია და ანალიტიკოსი (მაგალითად, ესპანეთის ლტოლვილთა დახმარების კომისია - CEAR) საპირისპიროს ამტკიცებს. მათი შეფასებით, რეფორმა უბრალოდ აჩქარებს უარის თქმისა და ქვეყნიდან გაძევების პროცესებს, რითაც ესპანეთი ევროკავშირის უფრო მკაცრ, შეზღუდვებზე ორიენტირებულ პოლიტიკას ნებდება.

უნდა გვახსოვდეს, რომ ეს დოკუმენტები ჯერ კიდევ განხილვის ეტაპზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ჯერ ძალაში არ შესულა. წინ საკონსულტაციო ფაზა (სადაც ჩაერთვება სახელმწიფო საბჭო და სასამართლო ხელისუფლების გენერალური საბჭო), მთავრობაში ხელახალი დამტკიცება და რთული საპარლამენტო განხილვები გველის.

რა უნდა გაითვალისწინოთ ახლა?

თუ თქვენ ახლა გადიხართ თავშესაფრის პროცედურას ან უახლოეს მომავალში გეგმავთ ესპანეთში ჩამოსვლას, აუცილებელია მოვლენებს ერთი ნაბიჯით უსწრებდეთ.

  • დაალაგეთ არგუმენტები – რადგან ახალი კანონი განსაკუთრებით მკაცრი იქნება სუსტად დასაბუთებული საქმეების მიმართ, უზრუნველყავით, რომ თქვენი ისტორია გამყარებული იყოს რეალური, თვალსაჩინო და იურიდიულად წონადი მტკიცებულებებით.

  • მიმართეთ სპეციალისტებს დროულად –  ნუ დაელოდებით კანონის ძალაში შესვლას. გაიარეთ კონსულტაცია აკრედიტებულ იურისტებთან, რათა ზუსტად იცოდეთ, რომელ კატეგორიაში ხვდება თქვენი საქმე არსებული თუ მომავალი რეგულაციების მიხედვით.

  • გახსოვდეთ – კანონპროექტი ჯერ ძალაში არ არის. ყველა მიმდინარე საქმე განიხილება იმ კანონმდებლობით, რომელიც განაცხადის შეტანის მომენტში მოქმედებს (თუ ახალ კანონში პირდაპირ არ ჩაიწერა უკუქცევითი ძალის გამოყენების შესახებ, რაც ნაკლებად სავარაუდოა).

ცვლილებების მოლოდინი ხშირად აჩენს შფოთვას, თუმცა ინფორმირებულობა საუკეთესო გამოსავალია. ესპანეთი რჩება სამართლებრივ სახელმწიფოდ, სადაც სწორი, გონივრული და კანონიერი გზით მოქმედება ყოველთვის ამართლებს. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, მიჰყევით პროცედურებს და ყოველთვის გადაამოწმეთ ინფორმაცის სანდოობა.

სტატია მომზადებულია ესპანეთის სამეფოს ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით.

— აღმოაჩინე შენი ესპანეთი.